ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ვაჟას მემორიალური მუზეუმი თსუ-ში

ვაჟას მემორიალური მუზეუმი თსუ-ში
30 ნოემბერი, 2015
1915 წელი იყო, 27 ივლისი. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ვაჟა-ფშაველა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (ახლანდელი თსუ პირველი კორპუსი) გახსნილ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში პლევრიტით იწვა. ვაჟამ მინდვრის ყვავილები მოითხოვა. როგორც ამბობენ, თხოვნა აუსრულეს. სწორედ აქ, მინდვრის ყვავილების გარემოცვაში გარდაიცვალა უდიდესი ქართველი მგოსანი და მოზაროვნე.

აქ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე ვაჟა ფშაველას მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ვაჟა-ფშაველას შთამომავლები, მოწვეული სტუმრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.

,,ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა და გადაწყდა უნივერსიტეტში, იმ ოთახში, სადაც ვაჟა-ფშაველამ უკანასკნელი დღეები გაატარა მემორიალური მუზეუმი გახსნილიყო. უნივერსიტეტის ამ ფლიგელში არსებულ ლაზარეთში გარდაიცვალა პოეტი. მუზეუმში გამოვფინეთ ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებასთან დაკავშრებით ყველა დოკუმენტი, რომელიც იმ პერიოდში ოფიციალურად გამოიცა, უწყებებს შორის მიმოწერები, ასევე მისი რამდენიმე ხელნაწერი. უნივერსიტეტში ასევე დაცულია, რამდენიმე ნახატი ქართველი მხატვრებისა, რომელიც შესრულებულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, რომელიც მუზეუმში გამოიფინა", _ განაცხადა თსუ მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.

„დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი ყველაზე დიდი ქართველებიდან ვაჟა-ფშაველა ერთადერთია, რომელიც შემოვიდა და დარჩა უნივერსიტეტში. მან ცხოვრება დაიწყო ქოხში და დაასრულა ცოდნის ტაძარში. ვაჟა-ფშაველას უზარმაზარი მიზიდულობის მუხტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემის საშუალება. ეს მუზეუმიც სწორედ ამ დატვირთვის არის. ვაჟა თავისი ცხოვრებით, თავისი გარდაცვალებით და მთელი მისი შემოქმედებით გვაიძულებს გავნათლდეთ და შევითავისოთ მისი ფასეულობები და გადავცეთ თაობებს", _ აღნიშნა ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა, ამავე დროს, ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ ლელა რაზიკაშვილმა.

მემორიალური მუზეუმი განთავსდა ოთახში, სადაც დიდმა მწერალმა უკანასკნელი დღეები გაატარა. გამოიფინა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები. მათ შორისაა მწერლის დაბადების მოწმობა, სხვადასხვა დროის ცხოვრებისეული საბუთები, გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები, მგოსნის ხელნაწერთა ასლები. ასევე პოეტის ნიღაბი, საწვენე, რითაც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი, ვაჟას მამის, პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი და სხვ.

მუზეუმში განთავსდა ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ნამუშევრებმა ცნობილი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გოგი და ირაკლი ოჩიაურების, სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ავტორობით.


სხვა სტატიები »