ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ვეფხისტყაოსნის“ მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანის პრეზენტაცია წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

„ვეფხისტყაოსნის“ მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანის პრეზენტაცია წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
1 ივნისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალში  მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში თსუ გამომცემლობამ „ვეფხისტყაოსნის“ მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანის პრეზენტაცია გამართა.

„წელს უნივერსიტეტი წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილია ყველა თავისი უახლესი გამოცემით. დღევანდელ პრეზენტაციაზე უბრწყინვალესი ქართველი მეცნიერისა და  მოღვაწის მიხაკო წერეთლის მიერ გერმანულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანია“ წარმოდგენილი.  ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გამოცემა ქართულ საგამომცემლო საქმიანობის ისტორიაში.  სწორედ ეს წიგნი - „ვეფხისტყაოსნის“ მიხაკო წერეთლისეული თარგმანი იქნება ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც თსუ გამომცემლობა წარადგენს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 2018 წელს“- განაცხადა თსუ გამომცემლობის ხელმძღვანელმა თამარ ებრალიძემ.

„თსუ გამომცემლობის მიერ დასტამბული, მიხაკო წერეთლის „ვეფხისტყაოსნის“ გერმანული თარგმანი არის სრულიად საქართველოს საგანძური, რომელიც აქამდე საქართველოსთვის დაკარგული იყო. ეს გამოცემა ასევე  მნიშვნელოვანია  იმით, რომ მას ახლავს „ვეფხისტყაოსნის“ ზუსტი ტექსტი, რომელიც მიხაკო წერეთლის მიერ არის დაწმენდილი გადამწერების მიერ დაშვებული შეცდომებისგან“ - აღნიშნა მიხაკო წერეთლის ასირიოლოგიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო სამსონიამ.

თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალზე თსუ გამომცემლობამ მკითხველს შესთავაზა როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრული ლიტერატურა.

„წიგნის ფესტივალზე მოსულ მკითხველს განსაკუთრებულ აქციებს ვთავაზობთ - როგორც ფასდაკლების, ასევე სასაჩუქრე აქციებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 8 ივნისიდან უნივერსიტეტში ამოქმედდება საუნივერსიტეტო წიგნის მაღაზია, სადაც ასევე იფუნქციონირებს უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიის მეგობართა კლუბი და მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მთელი წლის განმავლობაში ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით. ჩვენი მთავარი მიზანია, საინტერესოები ვიყოთ მკითხველებისთვის, სტუდენტებისთვის“,- განაცხადა თსუ საუნივერსიტეტო წიგნის მაღაზიათა ქსელის კოორდინატორმა თათია მთვარელიძემ.   
სხვა სტატიები »