ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"პირველსხიველების“ შემოქმედებითი საღამო

"პირველსხიველების“ შემოქმედებითი საღამო
11 ივნისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,პირველსხიველების“  შემოქმედებითი საღამო  გაიმართა. 2015 წელს ალმანახ ,,პირველი სხივის“  გამოცემიდან 65 წლის იუბილე შესრულდა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მასშტაბურად აღნიშნა.   

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, „უნივერსიტეტში შეიკრიბა ყველა თაობის პირველსხიველი, გავიხსენეთ მათი შემოქმედება. სცენაზე ავტორებმა წაიკითხეს ლექსები, ისმოდა ნამდვილი ქართული სიტყვა, სიმღერები, რომელიც პირველსხიველთა ტექსტებზეა შექმნილი.“

„პირველი სხივი“ იყო ჟურნალი, სადაც ჩანდა, როგორ ფეთქავდა, როგორ აზროვნებდა მეოცე საუკუნის 50-იანი წლების საქართველო, მწერლობა,“- აღნიშნა „პირველსხიველმა“ ტარიელ ხარხელაურმა.   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ „პირველი სხივის“ სახელს  უკავშირდება  მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატორთა თაობის ფაქტობრივად თითქმის ყველა  ცნობილი მოღვაწის პირველი  შემოქმედებითი ნაბიჯები. უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა.

უნივერსიტეტში ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა დოცენტი ბესო ჟღენტი.  წრეს ბევრი ახალი წევრი შეემატა, ბევრი საყურადღებო ლიტერატურული მასალა დაგროვდა; შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა ყოველწლიური ლიტერატურული ალმანახი  „პირველი სხივი“, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ „პირველი სხივის“ ახალი ნომერი გამოდიოდა.  2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა.   

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღებეს სხვადასხვა თაობის “პირველსხიველები“. მათ შორის ჯანსუღ ჩარკვიანი, ტარიელ ჭანტურია, გივი ალხაზიშვილი, გივი შაჰნაზარი, თემურ ჩალაბაშვილი, რევაზ ამაშუკელი, ბესიკ ხარანაული, რევაზ მიშველაძე, ტარიელ ხარხელაური, ელა გოჩიაშვილი, ლია სტურუა, ვახტანგ ჯავახაძე, გიორგი კეკელიძე, გაგა ნახუცრიშვილი და თამარ ალადაშვილი. ასევე, ცნობილი მომღერლები და მუსიკალური ანსამბლები.
სხვა სტატიები »