ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური შემეცნებითი პროექტი „თაობა L” - მათთვის, ვისაც წიგნების კითხვა უყვართ

სტუდენტური შემეცნებითი პროექტი „თაობა L” - მათთვის, ვისაც წიგნების კითხვა უყვართ
26 მაისი, 2015
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური შემეცნებითი პროექტი „თაობა L” მიმდინარეობს. პროექტში ჩართვა უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეეძლოთ. კონკურსში საერთო ჯამში 1000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, რომლებმაც ეტაპობრივად ოთხი ტურის წიგნები წაიკითხეს და ტესტები დაწერეს. ყველა სტუდენტს, რომელიც გვიან ჩაერთო კონკურსში, შესაძლებლობა ჰქონდა აღედგინა გაცდენილი ტესტები მეოთხე ტურის ჩათვლით, მეხუთე ტურიდან მონაწილეთა რაოდენობაზე ლიმიტების დაწესება დაიწყება. გამოვლინდება 10 ფინალისტი (ქულების დამთხვევის შემთხვევაში იმდენივე მონაწილე, რამდენიც იქნება რეიტინგის სათავეში), ფინალურ ტურზე ყველა ფინალისტის ქულა განულდება და თანაბარ პირობებში გაიმარჯვებს  საუკეთესო კონკურსანტი, რომელიც მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს.

კონკურსის ყველა ეტაპზე ვლინდება ტურის ლიდერი - ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი მონაწილე, რომელმაც ამასთანავე ტესტი ყველაზე სწრაფად დაწერა. ტურის ლიდერს სერტიფიკატი, უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემა. ტურიდან ტურამდე კონკურსის ფეისბუკის გვერდზე კი ონლაინ ვიქტორინა მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულიც დამატებით 2 ქულას და ასევე სამახსოვრო საჩუქრებს იღებს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსი ივნისის ბოლოს დასრულდება. კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ანანო ასპანიძე დღეს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორია. იგი ასე აღწერს საკუთარ გამოცდილებას:

„პროექტის შესახებ მეგობრის მეშვეობით გავიგე - რეგისტრაციის ლინკი გამომიგზავნა. წიგნები თავდავიწყებით მიყვარს, ამიტომ, პროექტში გამარჯვებამ განსაკუთრებით გამახარა. წელს თორნიკე აბაშიძესთან და მარი გელაშვილთან ერთად პროექტის ორგანიზატორი ვარ. მე და მარი შარშანდელი "სეზონის" მონაწილეები ვართ და ვცდილობთ, ისეთი კითხვები შევადგინოთ, რომელთა ტესტში აღმოჩენა ჩვენ, როგორც პროექტის მონაწილეებს, მოგვეწონებოდა. შარშან გამიმართლა და პროექტისთვის შერჩეული ათი წიგნიდან ნახევარი ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი იყო. წლევანდელ სეზონში პირველი 5 ტურის წიგნებიდან გამოვყოფდი "მექანიკურ ფორთოხალს" - უფრო მრავალფეროვანი კითხვების ამორჩევა იყო შესაძლებელი.

კონკურსისთვის კითხვის პროცესი საინტერესო და აზარტულია - სრულიად სხვა დეტალებს მიაქცევთ ყურადღებას. "თაობა L"-ში უნდა ჩაერთოს ყველა წიგნებზე შეყვარებული სტუდენტი იკითხოს უფრო მეტი, ვიდრე კითხულობს დღეს“, - აღნიშნავს ანანო.

ინგა ანთიძე უკვე მეორე წელია მონაწილეობას იღებს  კონკურსში. უკვე თავის დაკვირვებებს და რჩევებს გვიზიარებს:

„მსგავსი პროექტი ამ დრომდე მგონი არც არავის მოსვლია აზრად და მეც, როგორც წიგნების დიდი მოყვარული, ვერ გამოვტოვებდი. თუმცა შარშან ამ პროექტის დამთავრების შემდეგ, საკმაოდ მავნე ჩვევა დამჩემდა და, დღემდე, წიგნებს რომ ვკითხულობ, ისეთ ელემენტარულ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას და ვიმახსოვრებ, რომლებიც შესაძლოა თავად წიგნის ავტორსაც აღარ ახსოვდეს. გასულ წელს, უნდა ვაღიარო, არც თუ ისე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ამ პროექტს, რომელ დღესაც ტესტი უნდა გვეწერა, იმ დილით ვიწყებდი კითხვას და ძლივს ვასწრებდი. წელს გაცილებით უფრო მობილიზებული და მეტი შემართებით ვარ.

ტურის ლიდერის გამოვლენის ინიციატივა ძალიან მომწონს. გარდა იმისა, რომ მონაწილეებს მოტივაციას ორმაგად უმაღლებს, სამართლიანია იმ მხრივაც, რომ ფინალამდე საკუთარი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება თითოეულ ჩვენგანს აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის გამარჯვებული მხოლოდ ერთი ადამიანი იქნება, ამ ინიციატივის შედეგად დანარჩენ მონაწილეებს არ გაუჩნდებათ უკმაყოფილების შეგრძნება, რომ მათი შრომა არ დაფასდა. ყველას თანაბარი შანსი გვაქვს, ყოველი ტურის შემდეგ ძალიან კარგი წიგნები და „პალიტრა L“-ის და თსუს საჩუქრები წავიღოთ სახლში.

ჯერ მხოლოდ ოთხმა ტურმა ჩაიარა და ამ ოთხიდან ყველაზე მეტად მაინც ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ მომწონს. ისეთი წიგნია, მალე რომ გინდა მიხვიდე დასასრულამდე, მაგრამ თან არ გინდა, რომ დამთავრდეს. გარდა იმისა, რომ სიუჟეტია ძალიან ორიგინალური, განსაკუთრებით ის მომწონს, რომ პერსონაჟის განვითარების ყველა ეტაპს ვხედავთ. ჩემთვის იდეალური და ცალსახად სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ მიდრეკილი პერსონაჟები უინტერესოა. ვერ იტყვი, რომ ალექსი მაინცდამაინც უარყოფითი ან მითუმეტეს დადებითი პერსონაჟია. ის უბრალოდ მოზარდია, რომელმაც იცხოვრა, შეცდომები დაუშვა, წაიქცა და შემდეგ წამოდგა. არის მომენტები, როცა გეზიზღება მისი საქციელი, მაგრამ ხვდები სიტუაციებსაც, როცა შენსავით აზროვნებს.

ტესტების სირთულეს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთ წიგნს ვკითხულობთ, თანაბრად რთული ან ადვილი ეს წიგნი არავისთვის არის. ორი ადამიანიც კი ერთ წიგნს ერთნაირად არასდროს კითხულობს, ყველა სხვადასხვა რაღაცებს დაიჭერს და დაიმახსოვრებს, ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. საერთო ჯამში, რთულს ნამდვილად არ ვუწოდებდი, თუმცა არც იმდენად ადვილია, რომ დაუფიქრებლად დაწერო ყველა კითხვაზე პასუხი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორგანიზატორებს ოქროს შუალედი აქვთ დაჭერილი.

ონლაინ-ვიქტორინის იდეა ძალიან მომწონს ისევ და ისევ იმიტომ, რომ ყველას თანაბრად აძლევს შესაძლებლობას დამატებითი 2 ქულა მოიპოვოს კონკურსში. განსაკუთრებით წამახალისებელია მათთვის, ვინც ტესტი არც თუ ისე კარგად წერა.

„თაობა L”-მდე ძალიან ბევრ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ დაუფიქრებლად შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროექტი ჩემი ფავორიტია. ერთადერთი, რასაც დავამატებდი, კარგი იქნებოდა წიგნების წაკითხვის შემდეგ მონაწილეებს მსჯელობის და აზრების გაცვლა-გამოცვლის საშუალებაც რომ მოგვეცეს წაკითხულის შესახებ“.
ფეისბუკიდან შეიტყო კონკურსის კიდევ ერთმა მონაწილემ გიორგი ბუხრიკიძემ ამ შესაძლებლობის შესახებ:
„პროექტის შესახებ ფეისბუკ გვერდით შევიტყვე და მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, პირველ რიგში იმიტომ, რომ კითხვა ძალიან მიყვარს და ერთი თვის განმავლობაში მომიწევდა საყვარელი საქმის კეთება და პრიზიც კარგი მოტივატორი აღმოჩნდა, რადგან ბევრი წიგნი დამიგროვდა უკვე, რომლის შეძენაც მინდა და უბრალოდ თანხა არ მყოფნის. მოგების შემთხვევაში კი ამ სურვილს ავისრულებ.

ტურის ლიდერის გამოვლენის იდეა საკმაოდ კარგი ჩანაფიქრია, რადგანაც, პირადად ჩემთვის, მთავარი არა მხოლოდ საბოლოო გამარჯვებაა, არამედ ის პრიზებიც, რომლებიც ტურის ლიდერს ერგება. შესაბამისად, ვცდილობ ყოველ ტურში მაქსიმალური გავაკეთო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ტურის ლიდერობა დამატებითი მოტივაციაა.  უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ შერჩეული ოთხი წიგნიდან თითოეული საკმაოდ საინტერესო იყო და ოთხივეთი ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ „მაკულატურა“ და „მექანიკური ფორთოხალი“ მაინც უნდა გამოვყო. „მაკულატურა“ იმიტომ, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და დიდი ხანია წიგნზე ასე კარგად არ მიხალისია, საინტერესოც იყო და გასართობიც.“ მექანიკური ფორთოხალი“ იმიტომ, რომ პირველ რიგში, წაკითხული არ მქონდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია ვაპირებდი და გამიხარდა, რომ საკონკურსოდ შემოიტანეს და, რაღა თქმა უნდა, იმიტომ, რომ იმ მთავარმა იდეამ, თავისუფალი არჩევანის შესახებ, რაც წიგნის მთავარი სათქმელია, დამაფიქრა და გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები შემიქმნა.

ტესტებზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგადაა შედგენილი, სათანადო სირთულისაა და მთელ მასალას მოიცავს. საინტერესოა, აზარტულია და ათიანზეა შესრულებული. ასე რომ, არაფერსაც არ დავამატებდი.

უნიკალური პროექტია, კარგი ჩანაფიქრით, ორგანიზებით და მაღალი მოტივაციით. ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო მასშტაბური გახადონ და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მისცენ მონაწილეობის უფლება, რადგანაც პროექტის დაწყებამდე ნათლად გამოჩნდა, რომ მსურველი ჩვენი უნივერსიტეტის გარეთაც საკმაოდ ბევრია“, - ამბობს გიორგი.

წიგნის მოყვარულთა ამ კონკურსის დასრულება 2015 წლის ივნისისთვის იგეგმება.

სხვა სტატიები »