ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მე - უნივერსიტეტი

მე - უნივერსიტეტი
7 მარტი, 2014
12 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო ფოტოპროექტის „მე - უნივერსიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

„პროექტი ცნობილი სახეების  მეშვეობით ასახავს უნივერსიტეტის გუშინდელ დღეს, აწმყოს და მის მომავალს. აქ გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ უნივერსიტეტის ტრადიციას, რომლებიც ამჟამად ასწავლიან უნივერსიტეტში და ადამიანები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში“ - აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა.

„არაჩვეულებრივი გამოფენაა, უამრავი ნაცნობი სახე ვნახე, მათ შორის ჩემთვის საყვარელი პროფესორ-მასწავლებლები, ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ყველა უნივერსიტეტელს ამ დღეს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

პროექტი მოიცავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული უნივერსიტეტელების პორტრეტებს, ალბომს, რომელიც ფოტოებთან ერთად მოგონებებსაც აერთიანებს და ვიდეორგოლს, რომელშიც პროექტის მონაწილეები უნივერსიტეტის მიმართ თავიანთ ემოციებზე საუბრობენ.

პროექტისთვის წარმატებული უნივერსიტეტელის შერჩევაში მონაწილეობა უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს შეეძლო. თითოეულ მსურველს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არსებულ ონლაინ გამოკითხვაში სამი წარმატებული უნივერსიტეტელი უნდა დაესახელებინა. მიზანი იყო შერჩეულიყო ბევრი განსხვავებული სფეროსა და ასაკის ადამიანი, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ - ყველა მათგანმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა ან თსუ-ში სწავლობს.  ცხადია, პროექტმა ვერ შეძლო მოეცვა ყველა უნივერსიტეტელი, ბევრი ღირსეული სახე მის მიღმა დარჩა, თუმცა ეს პირველი მცდელობაა  და არა საბოლოო.

ფოტოპროექტი „მე - უნივერსიტეტი“ გასულ წელს დაიწყო და სამ ეტაპად განხორციელდა. 95 პორტრეტის ავტორი ფოტოგრაფი მინდია მიდელაშვილია, რომელიც პროექტზე მუშაობის პერიოდს შემდეგნაირად აფასებს: „პროექტზე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო მისი მრავალფეროვნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, პორტრეტებს უნდა გადმოეცათ ემოცია, ხასიათი, ვფიქრობ წარმატებით გავართვით თავი ჩანაფიქრს და ვამაყობ, რომ ამ პროექტის გუნდის წევრი ვარ“.

გამოცემაში პროექტის მონაწილეების მოკლე მოგონებებიცაა უნივერსიტეტის შესახებ. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ ალმანახიდან:

ლევან ალექსიძე, თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი
- 62 წელი უნივერსიტეტში. ჩემი თავი უნივერსიტეტის გარეშე უკვე ვერ წარმომიდგენია. მაშინაც, როცა საზღვარგარეთ ვმუშაობდი, სულ ამ უნივერსიტეტზე ვფიქრობდი, ვერ გავუძელი და დავბრუნდი. როცა სწავლა იწყება და აუდიტორიაში შევდივარ, ყოველთვის ვღელავ, იმიტომ რომ ახალ აუდიტორიას უნდა შეხვდე. შედიხარ და გრძნობ რა იმპულსი მოდის აუდიტორიიდან, ყოველთვის ცდილობ ამ იმპულსს უპასუხო. არა გაყვითლებული ფურცლებითა და კონსპექტებით, არამედ ემოციით, უყურებ და ხედავ, რას ელიან შენგან.

მარინე ჩიტაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი
- ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით გვაქვს მხოლოდ ერთი, მხოლოდ ეს. არც მიფიქრია, სადმე სხვაგან ჩაბარება, უნივერსიტეტი და მე 23 წელიწადია ერთად ვართ. ეს არის ადგილი, სადაც მუდმივად ხედავ ახალგაზრდებს, მათ ინტერესს და რომელთა სწავლებაც გინდა.

რისმაგ გორდეზიანი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
- ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირდება ქვეყნის ძლიერებასთან და ღირსებასთან. მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება უნივერსიტეტში შევიძინე. საზღვარგარეთ მოღვაწეობის საშუალებაც მქონდა, თუმცა არასოდეს მიგრძვნია, რომ უნივერსიტეტმა რაღაც დამაკლო, ამიტომ არასოდეს არსად წავსულვარ აქედან.

გია დვალი, მეცნიერი თეორიული ფიზიკის დარგში, დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტის მონაწილე
- უნივერსიტეტი არის ჩემი "ალმა მატერი" და ის გამორჩეული ადგილია. იმ ცოდნას, რომელსაც ახლა ვფლობ, საფუძველი სწორედ აქ ჩაეყარა. ახლა ვცდილობ ახალგაზრდებს გადავცე მიღებული გამოცდილება. სამყაროს აღქმისთვის სხვადსხვა კუთხიდან დაკვირვებაა საჭირო, აზროვნებისა და ხედვის სწორედ ეს ფართო სპექტრია მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, დღეს თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ყველა სტუდენტს ეძლევა ამის საშუალება.

ჯემალ ხუბუა, თსუ პროფესორი,  CERN-ში ქართული ჯგუფს ხელმძღვანელი 
- ჩემი აზრით უნივერსიტეტელობა არის ერთი მხრივ ძალიან დიდი ტვირთი და ხოლო მეორე მხრივ - მოვალეობა იმისა, რომ ყველა უნივერსიტეტელი უნდა იყოს შესაბამის დონეზე, რათა არ დასწიოს ის დროშა, რომელიც წარმატებული უნივერსიტეტელობის აღმნიშვნელია.

ჯაფარიძე ოთარი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვ-ნული აკადემიის აკადემიკოსი
- უნივერსიტეტში 60 წელი ვიმუშავე და მთელი ჩემი ცხოვრება მასთან არის დაკავშირებული. უნივერსიტეტმა უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის ისტორიაში. თითქმის ერთი საუკუნისაა და ამ წლების განმავლობში არაერთი სიკეთე მოუტანია ერისთვის.

თამაზ გამყრელიძე, ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
- უნივერსიტეტი იყო არამარტო პირველი ქართულენოვანი უნივერსიტეტი კავკასიაში, არამედ პირველი არარუსულენოვანი უნივერსიტეტი მთელს რუსეთის იმპერიაში. ყველაზე ბედნიერი არის ის დღე, როდესაც პირველ ქართულ უნივერსიტეტს ეწოდა დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილისს სახელი.

ზაალ კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი
- დაუვიწყარი პერიოდი იყო, ცუდიც გადამხდენია და კარგიც, მაგრამ ეს იყო პროცესი, უფრო მეტის შეძენა, ვიდრე გაქვს, ახლის დაუფლება, ბევრი ფიქრი, კითხვა და კამათი. უნივერსიტეტში უნდა მიიღო საფუძველი, როელსაც შემდგომ დააშენებ სხვა დანარჩენს, ამისთვის აქ საუკეთესო გარემოა.

იაგო კაჭკაჭიშვილი, თსუ პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი
- მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში გავატარე, უნივერსიტეტში ვსწავლობდი და არასად არ მიმუშავია უნივერსიტეტის გარდა. უნივერსიტეტი ჩემი სახლია, ჩემი სამყარო, ადგილი, სადაც თავს ვგრძნობ მყარად და კომფორტულად.

დავით უსუფაშვილი. საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე

- უნივერსიტეტმა და იურიდიულმა ფაკულტეტმა მთელი ჩემი საზოგადო ცხოვრება განსაზღვრა. სკოლა 1985 წელს დავამთავრე და უმაღლესი განათლების მიღება უნივერსიტეტში გადავწყვიტე. იმ პერიოდში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი და ერთი იურიდული ფაკულტეტი არსებობდა, რადგანაც იურისტობა მსურდა  - არჩევანი ცხადი იყო.

ნოდარ ხადური, თსუ პროფესორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
- ვიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განსაკუთრებული პატივია. ვასწავლი და მიწევს, რომ მუდამ ფორმაში ვიყო, ამასთან ახალგაზრდებთან ურთიერთობა ცხოვრებასა და საქმიანობაში მეხმარება, მათი აზრები, კითხვები და პოზიცია მაიძულებს საკითხს სხვადასხვა მხრიდან შევხედო. ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მაქვს და უნივერსიტეტში ყოველთვის სიხარულით მოვ-დივარ.

დავით ნარმანია, თსუ პროფესორი, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუსტურის მინისტრი
- უნივერსიტეტი ჩემთვის არამხოლოდ განათლების მიღების ინსტრუმენტია, სადაც მე ვისწავლე სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე, არამედ ძალიან მნიშვნელივანი ადგილი, რომლითაც ყოველთვის ვამაყობ. უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შემძინა, მომცა განათლება და ძალიან მიყვარს, ამასთან ის, რაც თავის დროზე შევიძინე და ვისწავლე, დღეს შემიძლია მომავალ თაობას გადავცე.

ირაკლი ალასანია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 
- ჩემი სტუდენტობის დროს უნივერსიტეტი იყო ყველაფერი, ცხოვრების აზრიც კი. ქვეყანაში, იყო რთული პერიოდი, სამოქალაქო ომი, გაუსაძლისი პირობები. უნივერსიტეტში ახალგაზრდები ვპოულობდით არამარტო ცოდნის მიღების საშუალებას, აქაურობა იძენდა ურთიერთობის, ერთმანეთის აზრებისა და იმედის გაზიარების ადგილის ფუნქციას.

ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტარი
- მე იმ თაობის ვარ, ვისთვისაც უნივერსიტეტი იყო ერთადერთი და ასეც რჩება. ჩვენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ვქმნით უხილავ ქსელს, ყოველთვის ვცნობთ ერთმანეთს და ყოველთვის გვაქვს მაღალი წარმოდგენა ერთმანეთზე. ეს მაღალი ხარისხის ნიშანია ჩვენთვის. როდესაც იტალიელები ამბობენ "ლაპოეტას", გულისხმობენ დანტეს, ასევეა როცა ახსენებენ უნივერსიტეტს, მე ყოველთვის ვგულისხმობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ლაშა პაპაშვილი, ბანკ „რესპუბლიკას“ სამეთვალყურეოო საბჭოს თავმჯდომარე 
- უნივერსიტეტთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. 90-იანი წლების დასაწყისში დავამთავრე, როდესაც ქვეყანაში მეტ-ნაკლები სიმშვიდე, ხოლო უნივერსიტეტის შიგნით სრულიად სხვა სამყარო იყო. შეაღებდი კარს და გავიწყდებოდა ის, რაც ირგვლივ ხდებოდა, უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილი ხდებოდი, სითბოთი, სიყვარულით და განსაკუთრებული აურით მოჯადოებული.

სოსო ფხაკაძე, კომპანია „ვისოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
- არ არსებობს უნივერსიტეტის რომელიმე კორპუსი ემოციის გარეშე გავიარო. უნივერსიტეტი იყო განათლების წყარო, საიდანაც ჩემი კარიერა დიწყო. ბუნებრივია, რომ ის წლები, რომელიც აქ გავატარე, ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება.

გივი შაჰნაზარი, პოეტი 
- ჩვენ, გასული საუკუნის არაერთმა სამოციანელმა, ორი უნივერსიტეტი დავამთავრეთ. პირველის რექტორი საყოველთაოდ ცნობილი ნიკო კეცხოველი გახლდათ, მეორესი კი, რომელიც „ბაღის უნივერსიტეტად“ იყო სახელდებული _ ცნობილი პოეტი და ბოჰემისტი _ შოთა ჩანტლაძე. უნივერსიტეტის სივრცე მუდამ სიყვარულითა და პოეზიით იყო გაჯერებული, ასეთი დარჩება ჩემთვის მარად.

გიორგი ბაქრაძე, თსუ პროფესორი, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოაზროვნე
- უნივერსიტეტში გატარებული წლები განსაკუთრებული ეტაპია ალბათ ყველა სტუდენტისათვის, ის გარემო, რომელიც აქ გვხვდება, ის ახალი სამყარო, რომელსაც აღმოაჩენ და ის შესაძლებლობები, რომელიც შენ წინ იშლება. რომ არა უნივერსიტეტი, მე ალბათ არასოდეს ვითამაშებდი რა? სად? როდის?

გიორგი კეკელიძე, პოეტი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი 
- უნივერსიტეტში შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებმაც უამრავი რამ გამიზიარეს, შესაბამისად წიგნთან მისვლის გზებიც შეიცვალა და უფრო საინტერესო გახდა ჩემთვის. სტუდენტები, რომლებიც ვწერდით, როგორც წესი, ვიკრიბებოდით 93-ე აუდიტორიაში და ეს ერთგვარ საკრალურ ადგილად რჩება დღემდე ჩვენთვის.

დიანა ანფიმიადი, პოეტი
- რაკიღა ენათმეცნიერი ვარ, უფრო სწორად, მაქვს სურვილი, ვიყო, წარმოვიდგენ, რომ მაქვს ჩემი პირადი, მნიშვნელოვანი ცნებების ლექსიკონი. ჰოდა, იმ ლექსიკონში, სიტყვა უნივერსიტეტი იქნება განმარტებული ასე: უნივერსიტეტი – ადგილი, სადაც ერთმანეთს ყოველთვის ემთხვეოდა სურვილები და შესაძლებლობები, ადამიანები და წიგნები, მოსწავლეები და მასწავლებლები, სიყვარული და მეცნიერება – ეს არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩემთვის.

ავთანდილ აბაშიშვილი, თსუ სტუდენტი 
- ყველაზე მთავარი, რაც გამოარჩევს უნივერსიტეტს, ეს არის ურთიერთობა ლექტორსა და სტუდენტს შორის, რომელიც უნივერსიტეტში მოსვლის დღიდან ყალიბდება. ვიძენთ უფროს მეგობრებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც კოლექტიური გონება 95 წელია აგროვებს. უნივერსიტეტი ეს არის გზა მომავალში და ყოველთვის მეამაყება ის პირველი დღე, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ოფიციალურად გავხდი და გზას გავუყევი.

სხვა სტატიები »