ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კულტურისა და სპორტის სიახლეები უნივერსიტეტში

1 ოქტომბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული ცხოვრება 1928 წლიდან იწყებს ათვლას, როდესაც უნივერსიტეტში „სტუდენტური თეატრი“ დაარსდა, შემდეგ იყო „ვაჟთა ვოკალური ანსამბლი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი, მოგვიანებით შეიქმნა ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი 2“, გოგონათა ვოკალური და გოგონათა ხალხური სიმღერის ანსამბლები. თანამედროვე ცეკვების ჯგუფი, ბენდი TSU-ART, მან-სან-კანი კი თანამედროვე თსუ-ს ისტორიაა. უნივერსიტეტში კიდევ უფრო ადრეულ წლებში დაიწყო სპორტული ცხოვრება. 1918 წლის 25 აგვისტოს, პროფესორ გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით, საქართველოში პირველად, შეიქმნა სატანვარჯიშო სპორტული საზოგადოება „შევარდენი“. ჩამოყალიბდა ათლეტიზმის, ალპინიზმის, კალათბურთის, მშვილდოსნობის, ფრენბურთის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, ფუტსალის და  ხელბურთის გუნდები, რომლებმაც წარმატება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მოიპოვეს. ცოდნის დაუფლების პარალელულად, კულტურული და სპორტული ცხოვრება თსუ-ში დღესაც პრიორიტეტულად ითვლება.

უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხარჯევანიძის ინფორმაციით,   ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს:  მაგიდის ჩოგბურთის, მშვილდოსნობის, ვაჟ და ქალ ფრენბურთელთა, ათლეტიზმის და მკლავჭიდის სექციები. თსუ-ს  ჰყავს ფუტსალის, კალათბურთის და  ხელბურთის ძლიერი სტუდენტური ნაკრებები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა უნივერსიადებსა და სტუდენტურ ჩემპიონატებზე. ალპინიზმთა კლუბი, რომელსაც 92 წლიანი ტრადიცია გააჩნია, ყოველ სასწავლო წელს ორჯერ აწყობს ალპინიადებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს კულტურულ-შემოქმედებითი წრეები: ,,თსუ გორდელა“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უნივერსიტეტი“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,უნივერსიტეტი“, თეატრალური დასი ,,სხვენი“, თსუ მუსიკალური ბენდი ,,თსუ არტი“, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, თანამედროვე და ხალხური ცეკვების სექციები, სადაც ნებისმიერ, შესაბამისი ნიჭის მქონე სტუდენტს შეუძლია გაწევრიანება.
როგორც ირაკლი ხარჯევანიძე აღნიშნავს, თსუ მუდმივად ცდილობს სტუდენტების კულტურული და სპორტული ცხოვრების დახვეწას და გამრავალფეროვნებას. წელსაც, ახალი სასწავლო წლის დაწყებას  კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი სიახლეებით შეხვდა და სტუდენტებს შესთავაზა ახალი სექციები და განახლებული ინფრასტრუქტურა.
„ფეხბურთი ერთ-ერთი მაღალმოთხოვნადი სპორტის სახეობაა თსუ სტუდენტებს შორის. სტუდენტები ინტენსიურად იყენებენ  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში არსებულ საფეხბურთო მოედანს. ამიტომ, მიმდინარე წლის ზაფხულში გადაწყდა  მოედნის განახლება,  შეიცვალა მოედნის საფარი და  უფრო მაღალი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამზადებული ხელოვნური ბალახი დაიგო“ _ ამბობს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლისთვის გარემონტდა მშვილდოსნობის სექციის დარბაზიც, განახლდა მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სექცია მზადაა სრულად დააკმაყოფილოს სტუდენტთა სპორტული ინტერესი. გააქტიურდა მაღლივი კორპუსის სპორტული კომპლექსის საქმიანობა, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მაღლივი კორპუსის სპორტულ დარბაზში გაიხსნება ჭადრაკის სექცია. ირაკლი ხარჯევანიძის თქმით, ჭადრაკი დიდ ინტერეს იწვევს სტუდენტთა შორის და უნივერსიტეტი ყოველთვის მზადაა გაითვალისწინოს სტუდენტთა მოთხოვნები და ინტერესები. სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, გაფართოვდა მაგიდის ჩოგბურთის სექცია, გარემონტდა დარბაზი  და გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მიმდინარე სასწავლო წელს  მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ქუჩის კალათბურთის მოედნის მოწყობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სტუდენტთა მოთხოვნას.
სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელულად, უნივერსიტეტის მეორე კურპუსში თანამედროვე და ხალხური ცეკვების დარბაზში დაიგო ახალი იატაკი, რაც სტუდენტებს უფრო მეტ სტიმულს მისცემთ, ჩაერთონ ცეკვის წრეებში.
თსუ სპორტისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხარჯევანიძის თქმით,  მნიშვნელოვანი მუშაობა მიმდინარეობს სპორტულ და ხელოვნების წრეებშიც, რადგან ეს გუნდები მონაწილეობიას იღებენ, არა მხოლოდ საუნივერისტეტო ღონისძიებებში, ისინი თსუ-ს სახელით ასპარეზობენ ქვეყნისა და საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი სტუდენტების წარმატება კი უნივერსიტეტის გამარჯვებას ნიშნავს.

სხვა სტატიები »