ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტამბური გამოცემის იუბილე თსუ-ში

„ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტამბური გამოცემის იუბილე თსუ-ში
16 ივლისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თსუ ბიბლიოთეკის ინიციატივით, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტამბური გამოცემა  ხელნაწერის სახით განახლდა.  ტექსტის  გადაწერაში ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვეფხისტყაოსნის სტამბური გამოცემის 300 წლის იუბილეს აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიება განახორციელა. პროექტი ძალიან საინტერესოა და იმედი მაქვს, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ვეფხისტყაოსნის პოპულარიზაციას საქართველოში.  წიგნი მალე სასაჩუქრე ეგზემპლარადაც გამოიცემა“, - განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ხელნაწერი თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ არის ილუსტრირებული. მისი თითოეული ფურცელი კი 1712 წლის გამოცემის ანალოგიურად, კალიგრაფისტის მიერაა გაფორმებული.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, წიგნზე 137-მა გადამწერმა და 23-მა მხატვარმა იმუშავა. „შარშან შესრულდა 300 წელი მას შემდეგ რაც პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“ ვახტანგის სტამბაში. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩვენთან გაჩნდა ინიციატივა, შეგვექმნა ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებსა და ხელოვან ადამიანებს  გადაეწერათ თითო ფურცელი ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნისა, ხოლო ცნობილ მხატვრებს გაეკეთებინათ ილუსტრაციები“, - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.  
„ვახტანგისეულმა „ვეფხისტყაოსანმა“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კულტურულ განვითარებაში და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ამდენი ხალხი იღებს   მონაწილეობას ამ წიგნის უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში“, - განაცხადა თსუ ემერიტუსმა მზექალა შანიძემ.
ღონისძიების ფარგლებში „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა.

სხვა სტატიები »